ნათია თურნავა - ჩვენთვის აშშ-სთან ურთიერთობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიადგეს ჩრდილი ერთი კომპანიის მიერ გაჩაღებული თავდაცვითი კამპანიის გამო
ნათია თურნავა - ჩვენთვის აშშ-სთან ურთიერთობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიადგეს ჩრდილი ერთი კომპანიის მიერ გაჩაღებული თავდაცვითი კამპანიის გამო

ჩვენი საინვესტიციო იმიჯი იმდენად მყარია, რომ სერიოზული გაფრთხილება სჭირდება, ეს არ არის მხოლოდ იმიჯი, არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელსაც დავიცავთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

თურნავას შეფასებით, „ფრონტერასთან“ მიმართებაში გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა.

„ჩვენი ქართული მხარის სიმართლე დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა. „ფრონტერა“ 1997 წლიდან გახლავთ საქართველოში და იმ დროს გააფორმა სწორედ სახელმწიფო ნავთობისა და გაზის სააგენტოსთან ძებნა-ძიებასა და მოპოვებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება. მას შემდეგ რამდენჯერმე დადგა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების საკითხი და მან პრაქტიკულად ვერც ერთხელ შეასრულა ვალდებულებები, რის გამოც სახელმწიფომ რამდენჯერმე გადაუვადა. 2017 წელს, როდესაც მორიგჯერ შემოვიდა მოთხოვნით და დავინახეთ, რომ ვერ ასრულებს ვალდებულებებს, იძულებული გავხდით, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიგვემართა. დავის შემდეგ არბიტრაჟმა პრაქტიკულად მხარი დაუჭირა ქართული მხარის ყველა მოთხოვნას, რის შემდეგაც „ფრონტერას“ დაეკისრა დავასთან დაკავშირებული საფასურის ანაზღაურება, რაც დაახლოებით 6 მილიონი დოლარია. მხოლოდ ეს ფაქტიც კი არის  დასტური, რომ „ფრონტერამ“ ეს დავა წააგო. დაეკისრა ძებნა-ძიების არეალის 99 პროცენტამდე დაბრუნება სახელმწიფოსთვის და კომპანიამ უკვე გვაცნობა წერილობით, რომ ამას აბრუნებს და ეს ნაწილი უდავოა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სახელმწიფოს „ფრონტერათან“ კონტრაქტის მოშლის სრული საფუძველი შეექმნა.

„ეს შეეხებოდა ტერიტორიის იმ ერთ პროცენტსაც, სადაც არა „ფრონტერას“ გამო, საბჭოთა დროიდან არსებობს ჭაბურღილები და ხდებოდა ნავთობის მოპოვება. ამ ერთ პროცენტთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვაჩერებთ კონტრაქტის მოშლის მოთხოვნას, ვუტოვებთ ერთ პროცენტ ტერიტორიას ლიცენზიის ვადით და შეუძლია, გააგრძელოს საქმიანობა. შეგვეძლო, 27 ივლისს მოგვეშალა ხელშეკრულება, რადგან კონტრაქტს ვადა გასდიოდა და ეს ტერიტორიები სრულად დაგვებრუნებინა სახელმწიფოს საკუთრებაში“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

მისი შეფასებით, ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, „ფრონტერამ“ აღნიშნული დრო საქართველოს დისკრედიტების კამპანიისთვის გამოიყენა.

„ნაცვლად იმისა, რომ „ფრონტერას“ ეს ვადა გამოეყენებინა ვალდებულებების შესრულებისთვის, გაესტუმრებინა 14 და მეტი თვის დავალიანება დასაქმებული ადამიანების წინაშე, თავისი რესურსი და ფინანსური აქტივები მიმართა იქეთკენ, გაეჩაღებინა არნახული მადისკრედიტებელი კამპანია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ცდილობდა, ერთი რუტინული დავა სახელმწიფოთაშორის კონფლიქტურ ვითარებად წარმოეჩინა. სამწუხაროა, რომ ამაში თავისდაუნებურად ჩართული აღმოჩნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას იღებდნენ როგორც „ფრონტერასგან“, ასევე მათ მიერ დაქირავებული ლობისტებისგან“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრი საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე საქართველოს საინვესტიციო იმიჯს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ყველა რეიტინგით საქართველო მიმზიდველი ადგილია უცხოელი ინვესტორებისთვის.

„ასევე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც არც ერთ შემთხვევაში ჩრდილი არ უნდა მიადგეს ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ გაჩაღებული თავდაცვითი კამპანიის გამო. ჩვენთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღეთ მთავრობამ და ვტოვებთ „ფრონტერას“, თავისი ერთი პროცენტის არეალის ფარგლებში განახორციელოს ძებნა-ძიების ოპერაციები. გამოვთქვამთ იმედს, რომ „ფრონტერამ“ მოაწესრიგოს თავისი ურთიერთობები მუშა-მოსამსახურეებთან, რომლებიც უშედეგოდ ელოდებიან ხელფასების გასტუმრებას და ზოგადად მოაწესრიგოს კრედიტორებთან ურთიერთობა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან კვლავაც გაგრძელდეს ძალიან წარმატებული ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკურ სიბრტყეში თანამშრომლობა, სამხედრო, განსაკუთრებით ეკონომიკურ სიბრტყეში თანამშრომლობა. მცირედი ჩრდილიც კი არ უნდა მიადგეს ამას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.