ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - საქართველო ამ წლების განმავლობაში იყო სამაგალითო ქვეყანა, რომელმაც შთამბეჭდავი განვითარება გვაჩვენა  
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - საქართველო ამ წლების განმავლობაში იყო სამაგალითო ქვეყანა, რომელმაც შთამბეჭდავი განვითარება გვაჩვენა  

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის კავშირის ნიშანია, – ამის შესახებ  გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომელიც დღეს გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ქართველ კოლეგას ბერლინში სასახლეში შეხვდა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიასა და საქართველოს მეგობრობაზე  ისაუბრა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი არის ნიშანი ჩვენი კავშირისა ორ ქვეყანას შორის, ვიზიტი, რომელიც ძალიან კარგ დროს შედგა და თქვენი პირველი ვიზიტია პარიზის შემდეგ. ძალიან გამახარა ჩვენმა საუბრებმა, ჩვენმა შეხვედრამ, ჩვენი საუბრების გულახდილობამ. თქვენი იცით, რომ ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს თქვენს ქვეყანასთან. გერმანიასა და საქართველოს მეგობრობის გრძელვადიანი ტრადიცია აკავშირებთ. 2017 წელს გერმანია-საქართველოს წელიწადი იყო, ასევე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი იყო. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ კულტურული კავშირები ძალიან მჭიდროა“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილს გერმანიის პრეზიდენტმა ერთობლივ პრსკონფერენციაზე.

მისი თქმით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენით საქართველომ ქართული კულტურის დიდი სიმდიდრე აჩვენა, რაც გერმანიაში აქამდე არასდროს მოხვედრიათ თვალში.

„ეს მე ჩემი თვალით ვნახე. საქართველოში ხშირად ჩამოვსულვარ და საქართველოს განვითარების სხვადასხვა ეტაპებს ვაკვირდებოდი ბოლო 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ წლების განმავლობაში იყო საჩვენებელი, ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, საჩვენებელი, სამაგალითო ქვეყანა და ძალიან კარგი, შთამბეჭდავი განვითარება გვიჩვენა“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა ბერლინში, ბელვიუს სასახლეში გაიმართა.