ფრანგული გამოცემა - გიორგი მოისწრაფიშვილით საფრანგეთის თასის მფლობელი „ტულუზა“ დაინტერესდა #1TVSPORT
ფრანგულმა გამოცემა lesviolets-მა „ტულუზას“ ზაფხულის სატრანსფერო სიახლეების შესახებ დაწერა. როგორც ირკვევა, გუნდი „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის, გიორგი მოისწრაფიშვილის შეძენითაა დაინტერესებული.
„ტულუზამ“ 2022/23 წლების სეზონი ლიგა 1-ში მე-13 ადგილზე დაასრულა. გუნდი მანამდე სამჯერ გახდა ლიგა 2-ის ჩემპიონი. 2023 წელს, ისტორიაში პირველად, „ტულუზამ“ საფრანგეთის თასი მოიგო – „სენ დენიზე“ გამართულ ფინალში „ნანტი“ 5:1 დაამარცხა.
გიორგი მოისწრაფიშვილი ამჟამად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი. 21-წლამდელების შემადგენლობაში რვა მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
მოისწრაფიშვილმა მიმდინარე სეზონში „დინამოს“ მაისურით 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მან ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ი საქართველოს ჩემპიონის ფეხბურთელის ტრანსფერს 550 000 ევროდ აფასებს და ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ათეულში ის მერვე პოზიციაზეა.