Goal.com-ის იტალიური ვერსია - კვარაცხელიას დახმარებით ყველამ აღმოაჩინა ახალი სამყარო, საქართველოში სხვა ტალანტებიც არიან #1TVSPORT
Goal.com-ის იტალიური ვერსია - კვარაცხელიას დახმარებით ყველამ აღმოაჩინა ახალი სამყარო, საქართველოში სხვა ტალანტებიც არიან #1TVSPORT

ქართული ფეხბურთი და ჩვენი ქვეყანა ბოლო დროს ყურადღების ცენტრშია. ამაზე მეტყველებს goal.com-ის იტალიური ვერსიის მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ქართველ ტალანტებს ეხება. მხოლოდ ერთი რამაა თვალშისაცემი – სიაში არაა ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ახალი თაობის ერთ-ერთი სახეა.

საქართველოს აღზევება – ტალანტები, რომლებმაც ქვეყანა საფეხბურთო ბაზარზე გაიყვანეს

არა მარტო კვარაცხელია და მამარდაშვილი. საქართველო მიზნად ისახავს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. ამ ქვეყნის ტალანტები მზად არიან, დიდ ფეხბურთში წარმატებას მიაღწიონ.

ხვიჩა კვარაცხელია

მოხდენილი და შეუჩერებელი დრიბლინგის მქონე. ხვიჩა კვარაცხელიას სრულად დახასიათება ამ სიტყვებითაც არაა ადვილი. ახალი მოვლენა რთულად გამოსათქმელი სახელით, რომელიც „ნაპოლიმ“ მერტენსისა და ინსინიეს შემდეგ იყიდა. კვარაცხელიამ მწვერვალს ისე მიაღწია, თითქოს კლასიკური პოემის გმირი იყო.

დამანგრეველი და დაუძლეველი ხვიჩას დახმარებით ყველამ აღმოაჩინა ახალი (ქართული) სამყარო, მან თავისი ქვეყანა და ნეაპოლი გააერთიანა. მისი თანამემამულეები თბილისიდან იტალიაში „ნაპოლის“ თამაშებზე დაფრინავდნენ, რათა მხარი დაეჭირათ ხვიჩასთვის.

ესაა საქართველოს დიდი რეკლამა, რომელსაც ქვეყანა ათწლეულები ელოდა. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში საჭირო იყო ვინმე, ვისაც შეეძლო საქართველოსადმი ინტერესის გაზრდა.

მათმა ბოლო დიდმა საფეხბურთო გმირმა, კალაძემ (ახლა თბილისის მერია) მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა საქართველოში გულშემატკივრების დაინტერესება. ეს სულ სხვა ეპოქა იყო, მისი როლი მოედანზე დაცვით ასპექტში იკვეთებოდა. კახა უამრავი ჩემპიონის გვერდით ვარჯიშობდა. კვარამ ფეხბურთელებისა და ინსაიდერების ყურადღება უფრო მეტად გაამახვილა უცნობ სამყაროზე. ეს ხვიჩას „აფეთქების“ შემდეგ საფეხბურთო ბაზრის შუამავლების (და არამხოლოდ) მიერ არაერთხელ დადასტურდა.

საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტალანტებისგან სრულად არ გაღატაკებულა. ახლა მათ საოცარი თაობა ჰყავთ.

გიორგი მამარდაშვილი

კვარაცხელია და მამარდაშვილი ბოლო ორ წელიწადში იმდენად წინ წავიდნენ, რომ ხალხის კოლექტიურ ფანტაზიაში არიან გენზო და ცუბასა (იაპონური კომიქსის გმირები, რომლებმაც ყველაზე ახალგაზრდული გუნდით საფეხბურთო ტურნირი მოიგეს – რედ.). „ნაპოლის“ თავდამსხმელმა და „ვალენსიის“ მეკარემ სერია A-სა და ლა ლიგაში თამაშით მსოფლიოს უდიდესი კლუბების ყურადღება მიიპყრეს.

რა თქმა უნდა, ისინი ჯერ კიდევ შორს არიან მსოფლიო დონის საკულტო სიმბოლოებისაგან, მაგრამ დიდ კლუბებში შესაძლო გადასვლამდე („მანჩესტერ სიტი“, მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ – მათი გულშემატკივრების თხოვნა უკვე ისმის) მათი როლი ცნობილია როგორც საქართველოს ნაკრებში, ასევე „ნაპოლისა“ და „ვალენსიაში“.

გაბრიელ სიგუა

მიუხედავად იმისა, რომ 18 წლისაა, 2005 წელს დაბადებულმა დინამო თბილისის“ ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველმა საქართველოს უმაღლეს დივიზიონში პირველივე წელს გადამწყვეტი როლის შესრულება მოახერხა.

190 სმ. სიმაღლის სიგუამ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაში უკვე ჩაატარა. მან ურთულეს მომენტებში სიტუაციის გადაწყვეტის უნარი და მზაობა აჩვენა. დახელოვნებულია საჰაერო ორთაბრძოლებში, თამაშის კარგი ხედვა აქვს და მისი ასაკის ადამიანისთვის გადაჭარბებული სისწრაფით მოქმედებს.

ირაკლი აზაროვი

2002 წელს დაბადებულმა ბათუმელმა ირაკლი აზაროვმა მშობლიური ლიგა 2022 წელს დატოვა და სერბეთში წავიდა. ეს იყო შუალედური ნაბიჯი, რამაც, შესაძლოა, მალე უფრო დიდ ლიგაში გადაიყვანოს, არაა გამორიცხული ტოპ 5 ლიგაშიც. სერია A-ში მის გადასვლაზე ჭორები ვრცელდებოდა კიდეც, მაგრამ ბოლო დროს ეს ხმები ჩაცხრა.

მარცხენა მცველი ბურთიანად დრიბლინგს ისე სწრაფად ასრულებს, რომ შეიძლება კვარაცხელიას სტილის გარემარბშიც შეგეშალოთ. თუმცა, მისი მიდრეკილება შეტევისკენ დაცვაზე ყურადღების შემცირებას არ იწვევს.

გიორგი მოისწრაფიშვილი

როცა ათ ნომერს ატარებ, ყურადღებას მაშინვე იქცევ. მოისწრაფიშვილი მსოფლიო ფეხბურთის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან მაისურს ატარებდა, როცა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

თანაგუნდელების მსგავსად, შორს ვერ წავიდა, მაგრამ მის მიმართ ყურადღება კიდევ უფრო გაიზარდა. „დინამო თბილისის“ წევრი კლასიკური გამთამაშებელია, რომელმაც იცის, როგორ გაატანინოს თანაგუნდელებს. ამან ის ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ნახევარმცველად გადააქცია.

გიორგი მიქაუტაძე

უმცროსი კოლეგებისგან განსხვავებით, კვარასთან და მამადასთან უფრო ახლოს მიქაუტაძეა. ლიგა 2-ში მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

22 წლის ფეხბურთელმა „მეცის“ მაისურით ბოლო სეზონში 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა, რამაც კლუბი ლიგა 1-ში დააწინაურა. საფრანგეთში დაბადებულმა თავდამსხმელმა საერთაშორისო კარიერისთვის მშობლების ქვეყანა, საქართველო აირჩია.

საბა საზონოვი

საქართველოში ბევრი შემოქმედებითი უნარის მქონე მოთამაშეა, მაგრამ სად არაინ ფიზიკურად ძლიერები? უმჯობესია, საზონოვით დაინტერესდეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ქართველები დაცვაშიც კარგად თამაშობენ. რუსეთში დაბადებული საბა არის 194 სმ სიმაღლის 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც ძნელია, მოედანზე მოატყუო.

გიორგი გოჩოლეიშვილი

აზაროვზე ნათქვამი, რომ საქართველოს აწმყო და მომავალია, შესაძლოა, გავიმეოროთ მარჯვენაფლანგელ გიორგი გოჩოლეიშვილზეც. მანაც იცის შეტევაში ჩართვა, „შახტარმა“ სწრაფად წაიყვანა საქართველოდან, რადგან დაბალფასიანი მოთამაშის თვისებებით მოიხიბლა.

22 წლის მცველს უკანაც კარგად შეუძლია თამაში და შეტევაშიც. პირველ თვეებში უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში „საბურთალოს“ ყოფილი წევრი დონეცკელთა მთავარი მოქმედი გმირი უნდა გახდეს.

შედეგებზე ფიქრი

ვილი სანიოლმა, საფრანგეთისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მცველმა, მოახერხა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელის შეკრება და, გამოუცდელობის მიუხედავად, მათი უნარები გამოაჩინა.

ამ გუნდმა, ორმაგი ნახტომით, ერთა ლიგის D დივიზიონიდან B-ში დაწინაურება მოახერხა და, შესაძლოა, 2024 წელს გერმანიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზეც ვიხილოთ.

A ჯგუფში შოტლანდიასთან, ესპანეთთან და ნორვეგიასთან ერთად მოხვედრილი ქართველები მეორე ადგილზე არიან და მხოლოდ ბრიტანელებს ჩამორჩებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთა ლიგის C ჯგუფში გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს.