ფრანგული მედიის ინფორმაციით, კილიან მბაპე მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალში“ ითამაშებს #1TVSPORT
ფრანგული გამოცემის, Le Parisien-ის ინფორმაციით, კილიან მბაპე ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს და საფეხბურთო კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.
რამდენიმე წელია, მბაპეს „რეალში“ გადასვლის შესახებ აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ცნობა. ტრანსფერი 2022 წლის ზაფხულშიც მოსალოდნელი იყო, თუმცა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა პსჟ-თან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მოქმედი ხელშეკრულება კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ფეხბურთელს შეუძლია, კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენოს და საფრანგეთის დედაქალაქში 2025 წლის ივნისამდე დარჩეს, თუმცა ის ამას არ აპირებს.
25 წლის მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს. გუნდთან ერთად მან ხუთჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ხოლო 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა.