ფრანგული მედია ლიონში აფეთქების სავარაუდო შემსრულებლის ფოტოს ავრცელებს
ფრანგული მედია ლიონში აფეთქების სავარაუდო შემსრულებლის ფოტოს ავრცელებს

ფრანგული მედია ქალაქ ლიონში აფეთქების სავარაუდო შემსრულებლის ფოტოს ავრცელებს. ტელეკომპანია „ბიეფემის“ ეთერში ნაჩვენებ ფოტოზე, რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული ჩანაწერიდანაა აღებული, ჩანს მამაკაცი ველოსიპედით. ფოტოზე სახე თითქმის არ ჩანს, რადგან მას შავი სათვალე უკეთია და ქუდი ახურავს. არსებული მონაცემებით, იძებნება 30-35 წლის მამაკაცი.

აფეთქება ლიონის ცენტრში, ვიქტორ ჰიუგოს საფეხმავლო ქუჩაზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 13 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ პაკეტში იყო მოთავსებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს თავდასხმა უწოდა.

ლიონის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შემთხვევის ადგილთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ. აფეთქების ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.