ფრანგული გამოცემის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენმა“ კილიან მბაპეს 98 მილიონი ევროს კომპენსაცია მოსთხოვა #1TVSPORT
კილიან მბაპესა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის სამართლებრივი დაპირისპირება გრძელდება. პარიზულმა კლუბმა სასამართლოს ფეხბურთელისთვის 55 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულების გაუქმება მოსთხოვა და ამავდროულად, თავადაც წარადგინა 98 მილიონი ევროს ოდენობის საწინააღმდეგო სარჩელი საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის მიმართ, – ინფორმაციას RMCsport-ი ავრცელებს.
საქმე ეხება იმ თანხას, რომელიც მბაპემ კლუბისგან ხელფასისა და ბონუსების სახით მოითხოვა. მისი თქმით, პსჟ-მა ფინანსური ვალდებულების შესრულებას თავი აარიდა. მბაპეს პრეტენზიები იმ პერიოდს შეეხება, როცა ჯერ კიდევ პსჟ-ში თამაშობდა, თუმცა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კლუბის დატოვება. ფრანგმა ფეხბურთელმა 2023/24 წლების სეზონის ბოლოს „პარი სენ-ჟერმენი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მადრიდის „რეალში“ გადავიდა.
პსჟ-ის იურისტების განცხადებით, მბაპემ ვერ დაამტკიცა, რომ მას კლუბის მიმართ სამართლიანი ფინანსური მოთხოვნა აქვს. პარიზული კლუბი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა სამართლებრივი პროცესის გაჭიანურებით ზიანი მიაყენა კლუბს და სწორედ ამიტომ მოითხოვა 98 მილიონი ევროს კომპენსაცია.
„კილიან მბაპეს კომპენსაცია აქვს გადასახდელი, რადგან მან მიზანმიმართულად მიაყენა ზიანი კლუბს. ჩვენი მთავარი მიზანი აღნიშნული თანხის მიღება არაა. გვინდა, ვაჩვენოთ, რომ მისი პრეტენზია საფუძველს მოკლებულია“, – აცხადებს კლუბის იურისტი რენო სემერჯიანი.
მბაპეს ადვოკატმა, თომას კლეიმ კი სასამართლოზე აღნიშნა, რომ მხოლოდ 14 მილიონი ევროს ამოღება მოხერხდა.
„სად არის დანარჩენი ფული? საქმე გვაქვს სუვერენულ სახელმწიფოსთან – კატართან, რომელიც მუდმივად აფინანსებს კლუბს. ასეთ ვითარებაში თანხის ამოღება სერიოზული სირთულეა“, – განაცხადა მბაპეს ადვოკატმა.