ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა
ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში. ამის შესახებ წერია სამედიცინო დასკვნაში, რომელიც 73 წლის გერმანელის ადვოკატებმა შვეიცარიის ფედერალურ პროკურორს წარუდგინეს, – წერს გამოცემა „შპიგელი“ (Spiegel).

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, შვეიცარიის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბეკენბაუერისა და კიდევ სამი ფუნქციონერის წინააღმდეგ. ესენი იყვნენ: გერმანიის საფეხურთო კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ვოლფგანგ ნირსბახი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ტეო ცვანციგერი და გერმანიის საფეხურთო კავშირის გენერალური მდივანი ჰორსტ რუდოლფ შმიდტი. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებასა და თანხის უკანონო მითვისებაში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე გერმანიის კანდიდატურის წარდგენის დროს. ბეკენბაუერი ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი იყო.

ცნობაში, რომელიც ბეკენბაუერის ადვოკატებმა წარმოადგინეს, წერია, რომ „კაიზერ ფრანცს“ არ შეუძლია ჩვენების მიცემა, რადგან ნებისმიერმა ნეგატიურმა ემოციამ ან მღელვარებამ, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ლეგენდარული ფეხბურთელის სიცოცხლე. გარდა ამისა, ექიმები აზუსტებენ, რომ ბეკენბაუერის მეხსიერება და აზრთა სვლა მეტად ბუნდოვანია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ელოდებიან.