ფოთში თევზის რეალიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ფოთში თევზის რეალიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ფოთში, თევზის რეალიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა.

მოვაჭრეების განცხადებით, შეთანხმება არ შედგა. მოვაჭრეთა განცხადებით, ვიდრე მერია მათთვის მისაღებ ალტერნატიულ ფართს არ გამოყოფს, ობიექტს სადაც ისინი თევზის რეალიზაციას ახორციელებდნენ, არ დატოვებენ.

„ერთ კვირას ვაძლევთ დროს ხელისუფლებას, რათა გამოგვიყონ ჩვენთვის მისაღები ფართი. ობიექტს, სადაც ვაჭრობას ვახორციელებდით უნდა დაანგრიონ, ელექტროენერგია გათიშეს. თევზი გვილპება. პროტესტს გავაგრძელებთ, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ“, – განაცხადა თევზის რეალიზატორმა ნარგიზა გვასალიამ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თევზის მოვაჭრეებთან მოლაპარაკეებს გააგრძელებენ.

„რადგან ამ პიროვნებებს ბაზრის ტერიტორიაზე უნდათ საქმიანობა, ჩვენ შევეცდებით, შპს-ების მეპატრონეებთან საუბარს, რათა შეთანხმებას, თუნდაც დროებით მივაღწიოთ. ჩვენ ვერ დავაძალებთ კერძო ბიზნესმენს დააკლოს იჯარის საფასურს ან უფასოდ შეუშვან მოვაჭრეები. ამიტომ, ჩვენ გვინდა, კეთილი ნებით ეს ხალხი გამოვიყვანოთ დროებით მაინც, ვიდრე თევზის ბაზრობის ტერიტორია არ მოწესრიგდება, რაც რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესის ხელშეწყობით მოხდება“, – განაცხადა არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თენგიზ შონიამ.

ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე თევზის ბაზრის მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები თევზის ბაზრის გაუქმებას აპროტესტებენ.