ფოთში თევზის ბაზრის მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
ფოთში თევზის ბაზრის მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე თევზის ბაზრის მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები თევზის ბაზრის გაუქმებას აპროტესტებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა მოხდეს, რადგან იგი არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მერიის ინფორმაციით, ხელისუფლება მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, მაგრამ აღნიშნული წინადადება მოვაჭრეებისთვის მიუღებელია.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე ისინი თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ, რიონის სანაპიროზე კი, მერიის გადაწყვეტილებით, სამი წლის წინ გადმოიყვანეს. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს.

„მერიიდან თევზის ბაზრის დახურვის მოთხოვნით, დადგენილება მოვიდა. თავის დროზე ბაზრის დირექტორს მისცეს უფლება, გაეხსნა ბაზარი. მან გაგვიკეთა, მოგვიწყო და ვიყავით კარგად. მაცივრების გარეშე ჩვენ არ ვმუშაობთ, ყველანაირი პირობები გვაქვს, წყალი, შუქი. მაგრამ მოვიდა დადგენილება მერიიდან და დაიწყეს დანგრევა. შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი, მაგრამ 36 კვადრატში შვიდი ადამიანი თავისი მაცივრებით და აუზებით ფიზიკურად არ დაეტევა. ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არ გავხსნით გზას, გვაქვს ბანკის ყოველდღიური გადასახადი“, – განაცხადა თევზის რეალიზატორმა ლალი ქორჩილავამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.