ფოთში წყალსათხილამურო სპორტში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან, გენადი გურალიასთან შეხვედრა გაიმართა
ფოთში, მერიის სააქტო დარბაზში წყალსათხილამურო სპორტში მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონთან, გენადი გურალიასთან შეხვედრა გაიმართა.
სპორტსმენი ამჟამად იტალიაში გამოდის. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს მან მიღწეულ წარმატებებზე და წყალსათხილამურო სპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ფოთისთვის ამ სახეობის სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა, რომან მელიამაც, რომლის უშუალო ხელშეწყობით ფოთმა 90-იან წლებში ევროპის ჩემპიონატსა და არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
„სამი კვირაა, რაც იტალიიდან ჩამოვედი და ისევ მიწევს უკან დაბრუნება. მინდოდა, კიდევ ერთხელ შემეხსენებინა ადგილობრივებისთვის, რას წარმოადგენს სპორტის ეს სახეობა და მე თვითონ რას ვაკეთებ საერთაშორისო მასშტაბით. დაგეგმილი გვაქვს, ეს სპორტი განვითარდეს ფოთში, რადგან 90-იან წლებში, სამწუხაროდ, ფინანსების, ასევე აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, წყალსათხილამურო სპორტი აღარ არსებობს და ვფიქრობ, ისევ უნდა აღორძინდეს. თუ რაიმე დიდი გეგმები იქნება დასახული ამ მხრივ, მზად ვარ, ჩამოვიდე და ვემსახურო ჩემს ქვეყანას“,- განაცხადა გენადი გურალიამ.
ცნობილ სპორტსენს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალური სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.