ფოთში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა
ფოთში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა

ფოთში, შსს-ის მომსახურების სააგენტოს შენობასთან მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულ პირს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი წარედგინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ განაცხადა, შ.შ-ს ბრალი 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ტყებუჩავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„წარედგინა ბრალი სსკ 108 მუხლით, ანუ განზრახ მკვლელობა. დანაშაულის იარაღი ამოღებული არ არის. მტკიცებულების გადაცემა დღეს ვერ მოესწრო, ხვალ გადმომცემენ 11:00 საათზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არავითარი შეხება ამ საქმესთან მას არ აქვს“, – განაცხადა ნუგზარ ტყებუჩავამ.

რაც შეეხება გამოძიების ვერსიას შურისძიებასთან დაკავშირებით, ტყებუჩავა აცხადებს, რომ ბრალდებულს მოკლული პირის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.

„არავითარი პრეტენზია მას მოკლულის მიმართ არ გააჩნდა. 15 წლის წინ ჰქონდათ საუბარი, განიხილეს ყველა ის დეტალები. შესაბამისად, მისი მოკვლის არანაირი მოტივი არ ჰქონია. აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. თითის ანაბეჭდები და სხვა სახის ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა“, – აცხადებს ადვოკატი.

ფოთში, შსს-ის მომსახურების სააგენტოს შენობასთან, მანქანაში შუახნის მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.