ფოთში მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ
ფოთში მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ

ფოთში, მომსახურების სააგენტოსთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ შალვა შალიკაშვილის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ.

როგორც ერთ-ერთი ადვოკატი ნუგზარ ტყებუჩავა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობა არ ჩაუდენია, შესაბამისად ის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე უნდა დატოვოს.

„გადმოგვეცა საქმის მასალები, რომელსაც ახლა გავეცნობით. ზოგადად, გავაცანით ბრალდებულსაც. ვემზადებით  სასამართლო პროცესისთვის, სადაც განიხილება აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ჩვენი პოზიციაა, არ შეუფარდონ არანაირი აღკვეთის ღონისძიება, რადგან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ არ არის ამ საქმესთან შემხებლობაში. მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენოს. სავარაუდოდ, სასამართლო დღეს გაიმართება. საქმის მასალებში არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის. გამოძიება ზოგადად ეყრდნობა მოწმის ჩვენებებს, ვიდეოჩანაწერს, მაგრამ პირდაპირი მოწმე არ არის. იარაღი ამოღებული არ არის. დენთზე ექსპერტიზა ჩატარებულია, მაგრამ პასუხი ჯერ არ არის“, – განაცხადა ნუგზარ ტყებუჩავამ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო ბრალდებულ შალვა შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

4 თებერვალს ფოთში, მომსახურების სააგენტოსთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.