ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძესა და მამუკა გეგეშიძეს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს და 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატების ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა ამ ეტაპზე სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ჯერ უცნობია.

16 ივნისს, ფოთში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი ტაეკვონდოს მწვრთნელებსა და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრ გიორგი აბულაძეს შორის დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და პროვოკაცია შეგნებულად მოაწყო.