ფოთის ნაცვლად ქუთაისი - უეფა-მ ახალგაზრდული ევრო 2023-ის მასპინძელი ქალაქი შეცვალა #1TVSPORT
ფოთის ნაცვლად ქუთაისი - უეფა-მ ახალგაზრდული ევრო 2023-ის მასპინძელი ქალაქი შეცვალა #1TVSPORT

უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წელს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის თამაშების მასპინძელი ერთ-ერთი ქალაქი შეიცვალა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფა-ს საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი). ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ, 2020 წლის 3 დეკემბერს, უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა. 2023 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.