ფოთის მერიაში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს მდინარე რიონში გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოები შეწყდება
ფოთის მერიაში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს მდინარე რიონში გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოები შეწყდება

ფოთის მერიაში მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი 16 წლის მოზარდის მეგობრები მივიდნენ და მერის მოადგილეს შეხვდნენ.

მათი ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ მაშველები და მყვინთავები შეწყვეტენ სამუშაოებს.

აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო მერის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა.

„ძალიან დიდი უბედურება მოხდა ჩვენს ქალაქში. სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ახალგაზრდებში, თითქოს ვინმე აპირებდა სამძებრო სამუშაოების შეწყვეტას, რაც შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, შესაბამის სამსახურებთან გადამოწმების შედეგად, რომ არავინ არ აპირებს სამუშაოების შეწყვეტას. პირიქით, დამატებით ძალებია გამოძახებული დედაქალაქიდან, მყვინთავების დამატებითი შემადგენლობა, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს მოზარდის პოვნა“, – აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა.

ფოთში, ხიდის მოაჯირიდან მდინარე რიონში მოზარდი 29 იანვარს გადავარდა.