ფოთის „კოლხეთი“ გულშემატკივრების ქმედების გამო დაჯარიმდა — განმეორების შემთხვევაში გუნდი უმაყურებლოდ ითამაშებს #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კლუბი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივრების საქციელის გამო ფინანსურად დასაჯა.
„გასულ პარასკევს ფოთის „კოლხეთმა“ შინ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა. მატჩის მსვლელობისას ტრადიციულად იყო ადგილობრივი ქომაგების მხურვალე მხარდაჭერა, თუმცა, ამასთან ერთად, დაფიქსირდა რამდენიმე არასასურველი ინციდენტი — მაყურებელთა მხრიდან მოედანზე სხვადასხვა ნივთის გადმოგდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული ქმედებების გამო კლუბი სოლიდური თანხით დაჯარიმდა და გაფრთხილება მიიღო: მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში, „კოლხეთი“ საშინაო მატჩებს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.
მოვუწოდებთ ყველა გულშემატკივარს, რომ დავიცვათ ქომაგობის მაღალი სტანდარტები და ერთგულად დავუდგეთ მხარში ჩვენს გუნდს, რათა ერთად მივაღწიოთ წარმატებას,“ — აღნიშნულია ფოთის „კოლხეთი“-ის განცხადებაში.