ფორმულა 1 ესპანეთს ესტუმრება #1TVSPORT
ფორმულა 1 ესპანეთს ესტუმრება #1TVSPORT

მონაკოს შემდეგ ფორმულა 1-ის ეტაპი ესპანეთს, კერძოდ კი, ბარსელონას ეწვევა. ესპანეთის გრანპრი სათავეს 1913 წლიდან იღებს და ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ეტაპია, რომელმაც რბოლებს 63-ჯერ უმასპინძლა.

დასაბამიდან დღემდე სამეფო რბოლებს ესპანეთის არაერთი ქალაქი მასპინძლობდა, ამჟამად ესპანეთის გრანპრი კატალონიაში იმართება. ბარსელონას ტრასაზე პირველად ფორმულას 1-ის ეტაპი 1991 წელს ჩატარდა.

ესპანეთის გრანპრიზე ყველაზე მეტი გამარჯვება ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონებს, ლუის ჰემილტონსა და მაიკლ შუმახერს აქვთ. მათ ესპანეთში გამარჯვება 6-6-ჯერ მოახერხეს. ყველაზე წარმატებული კონსტრუქტორებს შორის კი „ფერარია“, რომლის ბოლიდმაც ფინიშის ხაზი პირველმა 12-ჯერ გადაკვეთა.


ბარსელონაში მედაბარე ტრასა,14 მოსახვევისგან შედგება, წრის სიგრძე 4.657 კილომეტრია. მრბოლელებმა 66 წრე უნდა გაიარონ, პილოტებს, ჯამში, 307 კილომეტრის გავლა მოუწევთ. კატალონიაში ორი DRS-ის აქტივაციის და დეტექციის ზონაა.  ბოლო რბოლა, რომელიც კატალონიაში 2022 წელს გაიმართა, „რედ ბულის“ დუბლით დასრულდა, მაქს ვერსტაპენმა და სერხიო პერესმა პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს,  ხოლო მესამე ადგილზე „მერსედესის“ პილოტი ჯორჯ რასელი გავიდა.

სარბოლო კვირა ტრადიციული ფორმატით გაიმართება. პარასკევს, 2 ივნისს პირველი და მეორე პრაქტიკა ჩატარდება, თბილისის დროით 15:30-სა და 19:00 საათზე. შაბათს, 3 ივნისს, 14:30-ზე – მესამე პრაქტიკა, ხოლო კვალიფიკაცია – 18:00 საათზე.  მთავარი მოვლენა, რბოლა კი კვირას 4 ივნისს, 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

თეიმურაზ სურგულაძე