ფორმულა 1 | ლას ვეგასის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის 21-ე ეტაპი, ლას ვეგასის გრანპრი „რედ ბულის“ პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო. ნიდერლანდელმა მრბოლელმა დაძაბულ ბრძოლაში „მაკლარენის“ პილოტებს, ლანდო ნორისსა და ოსკარ პიასტრის აჯობა და მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ფერსტაპენმა რბოლა პირველი პოზიციიდან დაიწყო, თუმცა 50-წრიანი გრანპრის განმავლობაში ლიდერობის შესანარჩუნებლად „მერსედესის“ პილოტებთან, ჯორჯ რასელსა და კიმი ანტონელისთან დაძაბული ბრძოლა მოუწია. ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ნიდერლანდელი პირველ პოზიციას მუდმივად იბრუნებდა.
რბოლის მიწურულს ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ჯორჯ რასელმა შეცდომა დაუშვა, ბარიერს შეეჯახა და საბოლოოდ მეცხრე ადგილზე გავიდა. პოზიცია დაკარგა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, კიმი ანტონელიმაც, რომელმაც ფინიშის ხაზი მეოთხემ გადაკვეთა.
ამით „მაკლარენის“ პილოტებმა ისარგებლეს. ლანდო ნორისმა მეორე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულს მხოლოდ 0.639 წამით ჩამორჩა. შთამბეჭდავი რბოლა ჩაატარა ოსკარ პიასტრიმაც, რომელმაც სტარტი მე-17 პოზიციიდან აიღო, საბოლოოდ კი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა.
აღსანიშნავია, რომ ფერსტაპენმა ლას ვეგასის გრანპრი ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიგო. ეს მისთვის ფორმულა 1-ში კარიერის 75-ე გამარჯვება იყო.
დაძაბული გამოდგა რბოლა „ფერარისთვისაც“. ლუის ჰამილტონი და შარლ ლეკლერი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის გამოც მონეგასკი მრბოლელი 10 წამით დაჯარიმდა. საბოლოოდ, ჰამილტონმა მეშვიდე ადგილი დაიკავა, ლეკლერმა კი – მეათე.
ლას ვეგასის გრანპრი | ქულები:
- მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 25 ქულა
- ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 18 ქულა
- ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 15 ქულა
- კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 12 ქულა
- პიერ გასლი („ალპინი“) – 10 ქულა
- ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 8 ქულა
- ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 6 ქულა
- კარლოს საინსი („უილიამსი“) – 4 ქულა
- ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 2 ქულა
- შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 1 ქულა
2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | პილოტები:
- კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 402 ქულა
- მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 304 ქულა
- ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 267 ქულა
2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | კონსტრუქტორები:
- „მერსედესი“ – 666 ქულა
- „ფერარი“ – 517 ქულა
- „რედ ბული“ – 440 ქულა
ფორმულა 1-ის მომდევნო ეტაპი 27-29 ნოემბერს კატარში გაიმართება, სეზონი კი 6 დეკემბერს აბუ დაბის გრანპრით დასრულდება.