ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, წესი არეგულირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებისათვის, უკვე მიღებული განათლების აღიარების პირობებს და პროცედურებს. არაფორმალური განათლების აღიარების წესთან ერთად ეს წესი ქმნის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპის პრაქტიკული რეალიზების სამართლებრივ საფუძველს.

„ხვედრითი წილი იმ ადამიანებისა, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ შემოდიან პროფესიული განათლების სივრცეში, ბოლო წლების განმავლობაში მზარდია და ზოგადად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე ყველას აქვს მიღებული გარკვეული წინარე განათლება. ამიტომაც, ლოგიკურია, რომ ის, რაც წინა განათლებიდან პროფესიულ პროგრამასთან თავსებადია, ადამიანს ხელახლა არ უნდა ვასწავლოთ, არამედ ამ წესის მიხედვით უნდა ჩავუთვალოთ. ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც ფინანსურ, ისე დროით რესურსს“, – აცხადებს ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.

ცენტრი მალე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ტრენინგების ციკლს დაიწყებს ფორმალური განათლების აღიარების საკითხებში.

დატოვე კომენტარი