ფონიჭალაში დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ფონიჭალაში დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ფონიჭალაში დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ კლინიკას „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა, მადონა მინდაძემ განაცხადა.

ექიმის ინფორმაციით, გუშინ დაჭრილ მამაკაცებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

„კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გუშინ სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც ჩაუტარდათ სათანადო ქირურგიული მანიპულაციები. ამ ეტაპზე, აგრძელებენ მკურნალობას კლინიკაში, განყოფილებებში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, შეესაბამება დაზიანებების ხარისხს და ვადას. რჩებიან მორიგე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული“, – განაცხადა ექიმმა.

დაჭრის ფაქტი ფონიჭალაში გუშინ მოხდა. მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.