ფლორენტინო პერესი - დღეიდან კლუბების ბედი მათსავე ხელში იქნება #1TVSPORT
ფლორენტინო პერესი - დღეიდან კლუბების ბედი მათსავე ხელში იქნება #1TVSPORT

ევროპულმა სასამართლომ განიხილა ევროპის სუპერლიგის საჩივარი, რომელიც ფიფა-სა და უეფა-ს კანონის საწინააღმდეგო მოქმედებაში ადანაშაულებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უეფა და ფიფა მოქმედებდნენ კონკურენციის კანონის დარღვევით 2021 წელს, როდესაც მათ ევროპის სუპერლიგის შექმნა შეაჩერეს.

სასამართლოს განაჩენს ეხმაურება მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი ფლორენტინო პერესი:

„დღეიდან კლუბების ბედი მათსავე ხელში იქნება. ვალდებულები ვართ, ფეხბურთს განვითარებაში დავეხმაროთ. იწყება ახალი ეპოქა, რომელშიც ყოველგვარი მუქარის გარეშე ვიმუშავებთ ამ სპორტის გაუმჯობესებისთვის.

თავისუფალმა ევროპამ, ფეხბურთმა და მისმა გულშემატკივრებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს. ჩვენ არავის წინააღმდეგ ვიბრძვით, უბრალოდ გვსურს, ეს სპორტი განვითარდეს“, – განაცხადა პერესმა.

არსებული ინფორმაციით, ევროპის სუპერლიგა 64-გუნდიანი იქნება. გუნდები სამ დივიზიონში გადანაწილდებიან, იქნება ზევით ასვლისა და ქვედა დივიზიონში დაქვეითების სისტემა.

2021 წელს სუპერლიგის დაარსება პირველად 12-მა კლუბმა გამოაცხადა და ეს გუნდები ტურნირის მუდმივი წევრები უნდა ყოფილიყვნენ. აღნიშნულ იდეას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სხვა კლუბების მხრიდან.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ევროპის სუპერლიგას ოფიციალურად ეწინააღმდეგებიან მადრიდის „ატლეტიკო“, „სევილია“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.