ბრიტანელი მოკრივის ტაისონ ფიურის პრომოუტერმა ფრენკ უორენმა დაასახელა თავისი კლიენტისა და ენტონი ჯოშუას ბრძოლის სავარაუდო თარიღი.
ვარაუდობდნენ, რომ ეს ბრძოლა უნდა გამართულიყო 2020 წლის დეკემბერში, მაგრამ ორგანიზატორთა გეგმებზე გავლენა იქონია ფიურისა და დეონტეი უაილდერის ბრძოლის გადატანამ 18 ივლისიდან ოქტომბერში.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯოშუასთან ბრძოლა გარკვეული დროით გადაიწევს, სავარაუდოდ, თებერვალში, – თქვა უორენმა. – ლას ვეგასი დაკეტეს და ათლეტურმა კომისიამ ბრძოლების ჩატარება აკრძალა. ჩვენ დრო გვჭირდება, რომ უაილდერის წინააღმდეგ ბრძოლაც ჩავატაროთ. გარდა ამისა, სირთულეები შეიქმნა მოკრივეებისთვის საწვრთნელი ბანაკების მოწყობის მხრივ, რადგან მათ არ შეუძლიათ უცხოელ სპარინგ-პარტნიორებთან ვარჯიში. ყველას სჭირდება ზუსტი თარიღი, რათა ნორმალურად იმუშაოს. მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია, მთელი ქვეყანა ერთ მდგომარეობაშია“.
აღვნიშნავთ, რომ ჯოშუას მომავალი ორთაბრძოლა ბულგარელ კუბრატ პულევთან ასევე გადაიტანეს – 20 ივნისიდან 25 ივლისზე.