ფიქრია ჩიხრაძე - საჯარო პირებმა საზოგადოებაში აგრესიის შემცირებას ხელი უნდა შევუწყოთ
ფიქრია ჩიხრაძე - საჯარო პირებმა საზოგადოებაში აგრესიის შემცირებას ხელი უნდა შევუწყოთ

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საჯარო პირებმა ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოებაში მოჭარბებული აგრესიის შემცირებას.

ამის შესახებ ჩიხრაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ყველანი შეწუხებული ვართ ამ ფაქტით. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა და რაზეც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენ ვლაპარაკობთ – ეს არის ქართულ საზოგადოებაში მოჭარბებული აგრესია. ყველა ის ადამიანი, ვისაც მეტ-ნაკლებად შეხება გვაქვს საჯარო სივრცესთან, ვალდებულნი ვართ, ეს გავითვალისწინოთ, ამას ანგარიში გავუწიოთ და პირიქით, ვიზრუნოთ და ნაბიჯები გადავდგათ, რათა იყოს საგნობრივი დიალოგი და მოვიქცეთ ისე, რომ ამ აგრესიის შემცირებას შევუწყოთ ხელი. ეს პასუხისმგებლობა გააჩნია თითოეულ საჯარო პირს“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, ახალი მთავრობის წევრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.