ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან საუბრობდნენ თავიანთი ქვეყნების და არა ევროპის სახელით
რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ფინეთის პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბრის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ავრცელებს ინფორმაციას.
მათი განმარტებით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ოსლოში 20 ოქტომბერს გამართული შეხვედრის გაგრძელება იყო და უკრაინასთან კონსულტაციით მიმდინარეობდა.
ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავად ალექსანდრ სტუბი და იონას გარ სტიორე იყვნენ საუბრის ინიციატორები.
„სტუბი და სტიორე სატელეფონო საუბრის ინიციატორები იყვნენ, რათა განეხილათ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე, დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულებისა და ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. ფინეთი და ნორვეგია რუსეთს ესაზღვრებიან. ისინი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან. სატელეფონო საუბრის მიზანი იყო პრეზიდენტ პუტინისთვის ომის დასრულების ხელშეწყობის სამომავლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული შეტყობინებების პირდაპირ გადაცემა. სატელეფონო საუბარი ეხებოდა აბუ დაბიში დაგეგმილ შეხვედრებს“, – აღნიშნულია ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები საუბრობდნენ, როგორც თავიანთი ქვეყნების ლიდერები და არა ევროპის სახელით. მათი თქმით, ორი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.
ამასთან, ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ომი უნდა დასრულდეს, მოლაპარაკებები კი განახლდეს.
„საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და ევროპის ფართო უსაფრთხოებაზე. ომის დასრულებას პირდაპირი მოლაპარაკებები სჭირდება“, – განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სტიორემ ომის ადამიანურ და მატერიალურ ფასზე გაამახვილა ყურადღება.
„ომს უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური ზარალი მოაქვს. ტანჯვა თაობებზე აისახება. საუბრისას დავაფიქსირეთ დეესკალაციის მნიშვნელობა“, – განაცხადა იონას გარსტიორემ.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ფინეთის პრეზიდენტთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც.