ფინანსური შეფერხება შედეგებზე აისახა - „მერანის“ დირექტორმა ლიდერების წასვლის მიზეზებზე ისაუბრა #1TVSPORT
მარტვილის „მერანის“ დირექტორმა, ჯესი სურმავამ კლუბში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და განმარტა, გუნდის პრობლემები რა მიზეზებით იყო გამოწვეული. მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ მთავარი მწვრთნელი და ლიდერები ფინანსური პრობლემების გამო გაუშვეს.
„მარტვილის „მერანს“ ორიოდე წლის წინ ჩემს მეგობართან ერთად ჩავუდექი სათავეში, ორ რადიკალურად განსხვავებულ სეზონში. ზუსტად ვიცით, თუ რა იყო წარმატების და წარუმატებლობების მიზეზები. ურთულეს გამოწვევებს არ გაურბივართ, ვართ თვითკრიტიკულები და მომთხოვნები ყველას მიმართ, რათა, მოზიდული რესურსებისა და შექმნილი პირობების გათვალისწინებით, მიგვეღწია მაქსიმალური შედეგისათვის.
„მერანის“ გულშემატკივრებმა იციან, შესაძლებლობის ფარგლებში თუ რა ძალისხმევას ვეწეოდით და ვეწევით დღესაც გუნდის ფუნქციონირების შენარჩუნებისათვის. მარტვილის საფეხბურთო აკადემიისა და საფეხბურთო კლუბ „მერანის“ ერთიანი ფუნქციონირების მოდელით, მეზობელი ქვეყნიდან (თურქეთიდან) ინვესტორის დაინტერესება მოვახერხეთ. მათ კლუბში 2021 და 2022 წლების დასაწყისში შეთანხმებული გრაფიკით საჭირო ფინანსურ მხარდაჭერა განახორციელეს, მაგრამ 2022 წელს რეგიონში მიმდინარე საომარი მოვლენებით გამოწვეულმა პროცესებმა და მეზობელ ქვეყანაში მაღალმა ფინანსურმა ინფლაციამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ფინანსური სახსრების მიღება. ეს 2022 წლის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად დაეტყო კლუბს და შედეგების გაუარესებაზე აისახა.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო უკლებლივ ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო სტაფს და კლუბში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც, შექმნილი შეფერხებების მიუხედავად, უკეთესი შედეგებისათვის თავდაუზოგავად შრომობდნენ. დღეს კლუბში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, რაც მტკივნეულია კლუბის წარმომადგენლებისა თუ თითოეული ერთგული გულშემატკივრისათვის, მაგრამ არსებული რესურსებით ასეთი გადაწყვეტილებების გარეშე ამ ეტაპზე კლუბის ეფექტური ფუნქციონირება შეუძლებელია. გუნდის სრული რეორგანიზაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.
მარტვილში ფეხბურთს 67-წლიანი ისტორია აქვს, ხოლო „მერანის“ დაარსების დღიდან, კლუბის უწყვეტი და 16-წლიანი წარმატებული ფუნქციონირების პერიოდში ძალიან დიდი რესურსია ჩადებული როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური კუთხით და დღეს ჩემი ამ გუნდში ყოფნის უმთავრესი მოტივაციაა, რომ მაქსიმალურად დავაფასო ამ წლების მანძილზე ჩართული ადამიანების შრომა და, მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოვახდინოთ განახლებული სტრუქტურული განვითარების მოდელზე გადასვლა.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება მარტვილის საფეხბურთო აკადემიიდან ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაცია დიდ გუნდში და ახალგაზრდა ფეხბურთელების მაქსიმალური დაწინაურება. ეს პროცესი მოიცავს სირთულეებს, მაგრამ როდესაც გაგაჩნია რეგიონული საფეხბურთო აკადემია, ესაა ერთადერთი გზა, რომელიც გრძელვადიან პრესპექტივაში კლუბს და ამ კლუბში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმატებებს მოუტანს.
უახლოეს დღეებში გაცნობებთ ინფორმაციას კლუბში მოსული ახალგაზრდა და აკადემიიდან დაწინაურებული ფეხბურთელების შესახებ, ხოლო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებულ ფეხბურთელებს წარმატებებს ვუსურვებ. განსაკუთრებით აღვნიშნავ ყველაზე რთულ და უმნიშვნელოვანეს პერიოდში მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას თანადგომას. პრობლემების მიუხედავად, მარტვილისადმი მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დამთანხმდა სეზონის ბოლომდე დაგვდგომოდა გვერდით, რისთვისაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – ამბობს ჯესი სურმავა.