ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა
ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ტელეკომპანია „პირველის“ გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, მინისტრსა და მედიამენეჯერებს შორის უბრალოდ შეხვედრა შედგა.

„ამისთვის ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იდგა და იმის ნაცვლად,  პასუხი გაეცა, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, რატომ დაედო ვალები „რუსთავი-2“-ს, „იმედს“. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ დავბერდით ყველანი ამ პროფესიაში და ზეპირად ვიცით. გვაინტერესებს, მინისტრისგან ვითხოვდით პასუხს, რატომ ჩაგვაყენეს ასეთ უსამართლო მდგომარეობაში. მას წამოცდა საუბრის დროს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ იმ ტელევიზიებს არ გადაახდევინეს იმ პერიოდში ვალი და როდესაც ჩვენ დავუსვით კითხვა – დაისაჯა ვინმე? ვისიც გინდათ, იმის პასუხისმგებლობა დააყენეთო. ავდექი, ჩანთა ავიღე და წამოვედი. მე არავის პასუხისმგებლობის დაყენებას არ ვაყენებ“, – აღნიშნა გრიგოლიამ.

ამასთან, ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანმა შეხვედრაზე თქვა, რომ ტელეკომპანია „იმედს“ ძველი დავალიანება 10 წელიწადზე გადაუნაწილდა.

ფინანსთა სამინისტროში მინისტრთან შეხვედრა გრძელდება და მასში ამ ეტაპზე, „ტვ პირველის“ ფინანსური დირექტორი, ასევე „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი მონაწილეობენ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.