ინგა გრიგოლია, ნინო ჯანგირაშვილი და ნათია კუპრაშვილი ფინანსთა მინისტრს ხვდებიან
ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს ხვდებიან.
შეხვედრაზე საუბარია მიმდინარე დავალიანებაზე, რომლის გამო რამდენიმე ტელეკომპანიის ანგარიშს ინკასო დაედო.
„მე მაქვს კითხვები და მოთხოვნები ფინანსთა მინისტრთან. კითხვები იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, როცა ამბობენ, რომ „იმედი“ იხდის მიმდინარეს და ძველს, ვინ გამიჯნა? ჯერ ხომ არ გამიჯნულა ეს მიმდინარე და ძველი? დოკუმენტაცია არსებობს, ბრძანება არსებობს? მე მინდა გავიგო, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ 55 მილიონზე და აქედან გამომდინარე მექნება ჩემი მოთხოვნები. ამდენი დღე ვამბობ, რომ ჩემი მოთხოვნაა, ჩავდგეთ თანაბარ მდგომარეობაში და ვფიქრობ, რომ მინისტრის პრობლემაა, რომ მან მოიფიქროს თანასწორობის ფორმულა. მე ჩემს იდეებს შევთავაზებ“, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.