ფინალამდე გუნდი ერთხელ არ დამარცხებულა - „ვალენსია“ თბილისში გამართულ ტურნირს გამოეხმაურა #1TVSPORT
ფინალამდე გუნდი ერთხელ არ დამარცხებულა - „ვალენსია“ თბილისში გამართულ ტურნირს გამოეხმაურა #1TVSPORT

„ვალენსიას“ ოფიციალური ვებ-გვერდი საქართველოში გამართულ საერთაშორისო ტურნირს წერილით („ვალენსიას“ აკდემიამ „კოკა-კოლას“ თასი მოიგო“) გამოეხმაურა, სადაც ესპანელთა საფეხბურთო აკადემიის გუნდმა გაიმარჯვა.

„ვალენსიას“ აკადემიის გუნდი დაბრუნდა საქართველოდან, სადაც ტურნირზე მონაწილეობდა. თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ექვსი სხვადასხვა ქვეყნის რვა გუნდი თამაშობდა. „ვალენსიას“ აკადემიამ დონეცკის „შახტარი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და თასი მოიპოვა. გუნდმა შესანიშნავი მატჩების სერია ჩაატარა და შეხვდა უკრაინის, საქართველოსა და ყაზახეთის გუნდებს და ფინალამდე ისე მივიდა, რომ ერთხელ არ დამარცხებულა“, – წერია „ვალენსიას“ ოფიციალურ გვერდზე.

„ბენდელას“ სტადიონზე გამართულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე 2008 წელს დაბადებულთა გუნდები მონაწილეობდნენ. 8 გუნდი 6 ქვეყანას წარმოადგენდა – ესპანური „ვალენსია“, უკრაინული „შახტარი“, უზბეკეთის „ბუნიოდკორი“, „ბარსას აკადემია-ემირატები“, ყაზახური „კასპი აქტაუ“, ასევე „საბურთალოს“ მე-2 გუნდი და თბილისის ნაკრები.

„ვალენსია“ ფინალში დონეცკის „შახტარს“ დაუპირისპირდა. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა (2:2), პენალტების სერია უკეთ ესპანელებმა შეასრულეს (4:2) და თასის გამარჯვებული „ვალენსია“ გახდა.

ტურნირის ბოლოს პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ფეხბურთელებს გადაეცათ, საუკეთესო მოთამაშედ კი „ვალენსიას“ ნახევარმცველი ხოსე რუისი აღიარეს.