ფიგურული ციგურაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელს ოთხი მოციგურავე დაიცავს
ფიგურული ციგურაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელს ოთხი მოციგურავე დაიცავს

2021 წლის 22-28 მარტს შვედეთის დედაქალქ სტოკჰოლმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო რეიტინგული სიის ყველაზე წარმომადგენლობითი შემადგენლობა.

შეჯიბრებას ორმაგი დატვირთვა ექნება იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ ჩემპიონატზე განაწილდება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. დასრულდა ეროვნული ფედერაციების მიერ გუნდების ფორმირება და წარდგენა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.

მამაკაცთა კატეგორიაში მონაწილეობას მიიღებს 27 ქვეყნის 34 სპორტსმენი, ქალთა სეგმენტში 35 ქვეყნის 42 მოციგურავე, სპორტული წყვილებიდან 18 ქვეყნის 26 და სპორტულ ცეკვებში 25 ქვეყნის 33 წყვილი.

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ: მორის ყვითელაშვილი (მამაკაცები), ალინა ურუშაძე (ქალები), ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილები). რაც შეეხება მოცეკვავე წყვილს – მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, მათ ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლა სექტემბერში საკვალიფიკაციო ეტაპზე, გერმანიის ქალაქ ობერსდორფში მოუწევთ. მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების მიზეზი ტრავმაა.

მსოფლიოზე მამაკაცთა კატეგორიაში იმსაჯებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შვედეთის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი გაიმართება მაყურებლების გარეშე.

 

ჩემპიონატის განრიგი:

24 მარტი, ოთხშაბათი

13:00. ქალები. მოკლე პროგრამა

20:30. გახსნის ცერემონიალი

21:30. სპორტული წყვილები. მოკლე პროგრამა

 

25 მარტი, ხუთშაბათი

14:00. მამაკაცები. მოკლე პროგრამა

21:30. სპორტული წყვილები. თავისუფალი პროგრამა

 

26 მარტი, პარასკევი

13:45. ცეკვები. რიტმული ცეკვა

21:00. ქალები. თავისუფალი პროგრამა

 

27 მარტი, შაბათი

14:00. მამაკაცები. თავისუფალი პროგრამა

20:00. ცეკვები. თავისუფალი პროგრამა 28 მარტი, კვირა

16:30. საჩვენებელი პროგრამა