ფიფას ახალ პროექტში ფეხბურთის ფედერაცია ჩაერთო
ფიფას ახალ პროექტში ფეხბურთის ფედერაცია ჩაერთო
ფიფა-ს ახალ პროექტში „გლობალური საფეხბურთო ეკოსისტემის ანალიზი“ (Bridging the Gap – An Analysis Of The Global Football Ecosystem) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც (სფფ) ჩაერთვება და მსოფლიო მასშტაბით ფიფას პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე გახდება.
Bridging the Gap ფიფას „ტალანტების განვითარების“ პროგრამის ახალი პროექტია. მისი მთავარი მიზანია, რომ ფიფას წევრ ასოციაციებს ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული საფეხბურთო აკადემიებისა და სკოლების განვითარებაში, რაც ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
„პროგრამის ფარგლებში ფიფა განახორციელებს სხვადასხვა სახის მხარდამჭერ და საგანმანათლებლო პროგრამებს. პროექტის ფარგლებში ექსპერტები მონაწილე აკადემიებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ და დაეხმარებიან აღნიშნული პრაქტიკის დანერგვაში. ახალ პროგრამას ფიფა ტალანტების განვითარების კომპანია Double Pass-თან ერთად ახორციელებს“ – წერია სფფ-ს წერილში.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას 3 საფეხბურთო აკადემია და 10 საფეხბურთო სკოლა წარუდგინა, რომლებიც ფიფას კრიტერიუმებით შეირჩა. გარდა ტექნიკური პირობებისა, შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყო ის სამი აკადემია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს კადრებით რეგულარულად ამარაგებს. რაც შეეხება საფეხბურთო სკოლებს, კრიტერიუმების მიხედვით მათ უნდა ჰქონოდათ სხვებისგან გამორჩეული კარგი პირობები ფეხბურთელების წვრთნა-განათლებისთვის, მათ შორის, ქალთა ფეხბურთის განვითარების პოლიტიკა.
ფიფას პროექტში მონაწილე აკადემიებისა და სკოლები: 1. დინამო თბილისი, 2. ლოკომოტივი, 3. საბურთალო, 4. მარტვილის ფეხბურთის სკოლა, 5. ნორჩი დინამო-მერანი, 6. ქუთაისის ტორპედო, 7. ბათუმის დინამო, 8. ჩიხურა, 9. გორი, 10. სულაქველიძის აკადემია, 11. 35-ე სკოლა, 12. სამტრედია, 13. წყალტუბო
ფიფასთვის საბოლოო სიის წარდგენისთვის სკოლებისა და აკადემიების შერჩევა 2018-19 წლის კატეგორიზაციის ციკლის შედეგებზე დაყრდნობით მოხდა. საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პროექტის 2-წლიანი საპილოტე ციკლი 2018-2019 წლებისთვის 2018 წელს ამოქმედდა. ამჟამად 2020 წლის კატეგორიზაციის გარდამავალი ციკლი მიმდინარეობს, რომელიც ივლისიდან ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს.
მომავალი წლიდან, სფფ კატეგორიზაციის რეგულარულ სამ წლიან ციკლზე გადავა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალი პროექტი – Bridging the Gap საფეხბურთო აკადემიებს და სკოლებს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარება. ფიფას ექსპერტები დეტალურად შეისწავლიან მონაწილეების არსებულ მდგომარეობას და ამაზე დაყრდნობით შეიმუშავებენ განვითარების გეგმას, აკადემიებსა და სკოლებში დასაქმებული მწვრთნელები სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამებსაც გაივლიან.
2020 წლის ბოლოს კი, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო პროექტის მონაწილე საფეხბურთო ფედერაციებს და აკადემიებს და სკოლებს მომზდებულ ანგარიშს წარუდგენს. მეოთხე ფაზა, რომელიც ექსპერტების მიერ შედგენილი გეგმის იმპლემენტაციას ითვალისწინებს, 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.