ფიფა-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა - პირველი კვლავ არგენტინაა, ესპანეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT
მარტის მატჩების შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზე კვლავ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა.
ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა არგენტინამ მარტში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურუგვაი და ბრაზილია დაამარცხა. რეიტინგში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა, რომელმაც ერთა ლიგის მეოთხედფინალში ნიდერლანდების ნაკრებს სძლია.
საუკეთესო ხუთეულში ასევე არიან საფრანგეთი, ინგლისი და ბრაზილია. რეიტინგში ყველაზე დიდი ნახტომი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს აქვს, რომელმაც 70-ე ადგილზე გადაინაცვლა – მანამდე 74-ე პოზიციას იკავებდა.
საქართველოს ნაკრების პოზიცია ფიფა-ს რეიტინგში უცვლელია – ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 1373.05 ქულით 68-ე ადგილს ინარჩუნებს.
ფიფა-ს რეიტინგის 10 საუკეთესო ნაკრები:
- არგენტინა – 1886.16 ქულა
- ესპანეთი – 1854.64 ქულა
- საფრანგეთი – 1852.71 ქულა
- ინგლისი – 1819.20 ქულა
- ბრაზილია – 1776.03 ქულა
- ნიდერლანდები – 1752.44 ქულა
- პორტუგალია – 1750.08 ქულა
- ბელგია – 1735.75 ქულა
- იტალია – 1718.31 ქულა
- გერმანია – 1716.98 ქულა