ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ საკუთარ „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ მაროკოს რალის დროს ავარიაში მოხვდა და ავტომობილი დაამტვრია.
„მესამე დღე. მოხდა ის, რაც ძალიან არ გვინდოდა. 75 კილომეტრის შემდეგ, იმ მონაკვეთზე, რომელიც არ არის მითითებული საგზაო წიგნში, სამი მანქანა დაზიანდა, მათ შორის, ჩვენი. შემდეგ, მათ დაკეტეს გზის ეს ნაწილი და საბედნიეროდ, აქ მანქანები არ დადიოდნენ. შევეცდებით შევაკეთოთ და იმედია, ხვალ უკეთესი დღე გვექნება“, – დაწერა ალონსომ.
ფერნანდო ალონსომ 2018 წელს დატოვა ფორმულა 1. მისი ბოლო გუნდი იყო „მაკლარენი“. ბოლო ორ წელიწადში, მან რამდენიმე სარბოლო სერიაში მოსინჯა ძალები. მაგალითად, გახდა „ლე მანის 24 საათის“ გამარჯვებული, მონაწილეობა მიიღო „ინდიანაპოლისი 500“-ის რბოლაში.
ბოლო დროს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალონსოს ფორმულა 1-ში დაბრუნება სურთ „ფერარისა“ და „მერსედესს“.