ფერნანდო ალონსომ „ლე მანის 24 საათი“ ზედიზედ მეორედ მოიგო
ფერნანდო ალონსომ „ლე მანის 24 საათი“ ზედიზედ მეორედ მოიგო

გასულ უქმეებზე ლე მანში ოთხმოცდამეშვიდედ გაიმართა ლეგენდარული 24-საათიანი რბოლა. ისევე, როგორც ერთი წლის წინ, ახლაც გამარჯვება მოიპოვა Toyota N8-ის ეკიპაჟმა, რომელშიც შედიოდნენ ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტები: ფერნანდო ალონსო, კაზუკი ნაკაჯიმა და სებასტიან ბუემი. ფინიშზე მათ 17 წამით აჯობეს Toyota N7-ს (კონვეი, კობაიაში, ლოპესი), რომელიც თითქმის მთელი დისტანცია ლიდერობდა.

გამარჯვებულის ბედი რბოლის ბოლო საათებში გადაწყდა. N7 მანქანა ორწუთიანი უპირატესობით ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ბოქსებში შესვლას მოუხშირა. როგორც „ტოიოტაში“ ახსნეს, სისტემა მარჯვენა წინა საბურავის დაზიანებაზე მიუთითებდა. მისი შეცვლის შემდეგ, ლოპესი პირველი დაბრუნდა ტრასაზე, მაგრამ მალე იძულებული გახდა ისევ შესულიყო ბოქსებში – გაირკვა, რომ დაზიანებული ყოფილა მარჯვენა უკანა საბურავი. სულ, მთელი მარათონის განმავლობაში, N7-მა სამით მეტი პიტსტოპი შეასრულა, ვიდრე N8-მ.

რბოლის შემდეგ ალონსომ აღიარა კიდეც, რომ მისი ეკიპაჟი არ იმსახურებდა გამარჯვებას, რადგან კონკურენტი მის გუნდზე სწრაფად მოძრაობდა.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის განმავლობაში, ავტოდრომის ტრიბუნებზე 252 500 მაყურებელი შეიკრიბა.