„ფერენცვაროშის“ უკრაინელმა ფეხბურთელმა დროშა რუსი მწვრთნელის წინ ააფრიალა #1TVSPORT
„ფერენცვაროშის“ შემტევი ნახევარმცველი ოლექსანდრ ზუბკოვი დაეხმარა თავის გუნდს უნგრეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩის მოგებაში და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
„ფერენცვაროშის“ შემადგენლობაში უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი ბოლო 4 მატჩში პირველად გამოჩნდა. ის „კიშვარდასთან“ მატჩში მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა და საფინალო სასტვენამდე ითამაშა. თამაშის შემდეგ ზუბკოვმა უკრაინის დროშა აიღო და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გულშემატკივრებმა უკრაინელი ფეხბურთელი ოვაციებით დააჯილდოვეს და მის გვარს სკანდირებდნენ.
ზუბკოვმა დროშა „ფერენცვაროშის“ მთავარი მწვრთნელის, რუსი სტანისლავ ჩერჩესოვის თვალწინ ააფრიალა, რომელიც პუტინის მხარდამჭერია. ბუდაპეშტის გუნდმა უშუალო კონკურენტს ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოუგო, ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა და „კიშვარდას“ 5 ქულით გაასწრო.
„გენტის“ უკრაინელმა ლეგიონერმა რომან ბეზუსმა გუნდს ბელგიის ჩემპიონატის 30-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ „ზულტე ვარეგემთან“ (2:1) დუელში სამი ქულა 90+4 -ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა და გუნდი ხუთეულში დააწინაურა.
„გენტის“ გულშემატკივრებმა მის მიმართ ოვაციები არ დაიშურეს, თავად უკრაინელმა ნახევარმცველმა კი გოლი უკრაინის დროშით აღნიშნა, შემდეგ მაისურზე წარწერა გამოაჩინა, სადაც ეწერა – Close the Sky (დახურეთ ცა).