ჩაკვეტაძე საფრანგეთში ითამაშებს - მიქაუტაძის „მეცი“ „გენტს“ ქართველის იჯარაზე შეუთანხმდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძე საფრანგეთში ითამაშებს - მიქაუტაძის „მეცი“ „გენტს“ ქართველის იჯარაზე შეუთანხმდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გიორგი მიქაუტაძის ამჟამინდელ კლუბში, საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასულ „მეცში“ გააგრძელებს – ინფორმაციას ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.

„ჩაკვეტაძეს გარემოს შეცვლა სჭირდება. „მეცმა“ მოახერხა „გენტთან“ შეთანხმება და ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში იჯარით ითამაშებს. კონტრაქტი დღეს უნდა გააფორმოს, შეთანხმება ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციონს ითვალისწინებს“, – წერია ტავოლიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ბელგიური გამოცემა voetbalnieuws-ი, რომლის მიხედვითაც, ფრანგულმა კლუბმა საბოლოოდ, შესაძლოა, ფეხბურთელში 2,4 მილიონი ევრო გადაიხადოს.

„მომავალი სეზონისთვის „გენტმა“ რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა, კლუბს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს. ბელგიურმა კლუბმა 23 წლის გიორგი ჩაკვეტაძისთვის დროებითი გამოსავალი იპოვა. ახალგაზრდა ქართველს „გენტში“ დიდ ტალანტად მიიჩნევდნენ, მაგრამ ტრავმებმა არ მისცა საშუალება, სრულად გამოევლინა შესაძლებლობები და სტაბილურად ეთამაშა. ჩაკვეტაძეს ამ დროისთვის „გენტში“ 81 თამაში აქვს ჩატარებული. მან 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გასულ სეზონში ის იჯარით სლოვაკეთში, ბრატისლავას „სლოვანში“ თამაშობდა და 47 მატჩი ჩაატარა (ერთი გოლი, ცხრა საგოლე პასი). თუმცა, ფეხბურთელის იჯარა გასული სეზონის ბოლოს დასრულდა. საშა ტავოლიერის თქმით, ჩაკვეტაძის იჯარით აყვანა ფრანგულ „მეცს“ სურს. ჟურნალისტის თქმით, კლუბებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, ფეხბურთელი კონტრაქტს 10 ივლისს მოაწერს ხელს.

ეს არის ახალი ეტაპი ჩაკვეტაძის კარიერაში, რომელიც გენტმა 2017 წელს 1,5 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელის ამჟამინდელი სავარაუდო ფასი 2.4 მილიონი ევროა (Transfermarkt-ი). ასე რომ, თუ ფრანგული კლუბი სეზონის ბოლოს ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციონს გამოიყენებს, ამ გარიგებამ, შესაძლოა, „გენტს“ თითქმის ერთი მილიონი მოგება მოუტანოს“, – წერს ბელგიური გამოცემა.