ფეხბურთის ფედერაციის ახალი პროექტი - გორში საფეხბურთო სკოლის მშენებლობა იწყება
ფეხბურთის ფედერაციის ახალი პროექტი - გორში საფეხბურთო სკოლის მშენებლობა იწყება
ფეხბურთის ფედერაცია ახალი საფეხბურთო სკოლის დაფუძნებას აანონსებს. ორგანიზაციის ცნობით, მორიგი სპორტული ცენტრი გორში აშენდება.
 
საფეხბურთო სკოლის მშენებლობა გორში ჭალის დასახლებაში იგეგმება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ადგილზე რეგიონის და გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა, ტერიტორია დაათვალიერა და პროექტის შესახებ იმსჯელა.
„გორი ნამდვილად არის სპორტული ქალაქი, შესაბამისად ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ქალაქში უკვე გვაქვს თანამედროვე და საერთაშორისო დონის სპორტული ობიექტები, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო“ – აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე რამდენიმე მსგავსი პროექტი განახორციელა – ლაგოდეხში, რუსთავში, თბილისში, კასპში, მალე საფეხბურთო სკოლები ზუგდიდსა და ფოთში აშენდება. ამას გარდა, ინფრასტრუქტურული პროექტების ეგიდით, სტადიონები გაიხსნა ან საფარი განახლდა ბოლნისში, ფოთში, წყალტუბოში, საგარეჯოში, ქობულეთში, თბილისში, სამტრედიაში, კასპში, ხოლო ხაშურში ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი 7-ათასიანი არენა აშენდა, მაგრამ ხარვეზებია გამოსასწორებელი ზუგდიდში, ხოლო ბათუმში უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა უკვე მთავრდება.