ფეხბურთის ფედერაცია – უეფამ ალტერნატიული კალენდარი წარმოადგინა
უეფას მიერ, დღეს 55-ვე წევრი ასოციაციის მონაწილეობით გამართულ ვიდეოკონფერენციასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ კონფერენციაზე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს და ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებმა სანაკრებო და საკლუბო ტურნირების ახალი კალენდრის შესახებ ისაუბრეს.
„ფედერაციების წარმომადგენლებს სანაკრებო მატჩებისა და საკლუბო ჩემპიონატების კალენდრის ალტერნატიული ვარიანტები გააცნო. სანაკრებო თამაშების შესახებ და შემოდგომაზე გასამართი რვა პლეიოფის შეხვედრის, მათ შორის, საქართველო – ბელარუსის მატჩის სავარაუდო გრაფიკის შესახებ გადაწყვეტილებას უეფა შემდეგ აღმასკომზე მიიღებს. ასევე უეფამ რეკომენდაცია მისცა ფედერაციებს, ეროვნული ჩემპიონატების დასრულების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ გუნდები, რომლებიც საქართველოს ევროტურნირების 2020-2021 სეზონზე წარმოადგენენ, უკვე გამოვლენილი არიან“ – წერია სფფ-ს წერილში.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უეფა ხუთშაბათს, აღმასკომის სხდომის შემდეგ მიიღებს.