ფეხბურთი | უკრაინელი მწვრთნელი - ერთა ლიგაზე პირველობისთვის ბრძოლა უნგრელებთან და ქართველებთან მოგვიწევს #1TVSPORT
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკრაინის ნაკრების მთავარი კონკურენტები უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდები იქნებიან – ამის შესახებ უკრაინელმა მწვრთნელმა, ოლეჰ ფედორჩუკმა Meta.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მეტოქეების სიძლიერის გათვალისწინებით, უკრაინის ნაკრებისთვის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა საკმაოდ კარგი იყო – B ლიგაში უფრო რთული ჯგუფებიც არის.
ვიტყვი უარყოფითზეც – საშინაო მატჩებს ალბათ კვლავ ნეიტრალურ მოედანზე ჩავატარებთ, რაც უკრაინის ნაკრების პოტენციალს 10-15 პროცენტით ამცირებს.
უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებები, მიუხედავად იმისა, რომ ფიფა-ს რეიტინგში ჩვენზე დაბალ პოზიციებზე არიან, წამყვანი მოთამაშეებით გამოირჩევიან – დომინიკ სობოსლაი და ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები არიან. ჩემი აზრით, პირველი ადგილისთვის ბრძოლა უნგრელებსა და ქართველებთან მოგვიწევს, თუმცა, ამავდროულად, ბევრი მაღალი დონის მოთამაშე არ ჰყავთ.
ჩრდილოეთ ირლანდიაც ანგარიშგასაწევი ძალაა, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე თამაშის დროს.
უკრაინის ნაკრებში ბევრი რამ ლიდერების ფიზიკურ მომზადებაზე იქნება დამოკიდებული. იმედია, შემოდგომაზე ფეხბურთელებს ტრავმები არ შეაწუხებთ, თუმცა მიმაჩნია, რომ გუნდს ამ ჯგუფის მოგება შეუძლია“.
2026/27 წლების ერთა ლიგის წილისყრამ საქართველოს ნაკრების ჯგუფში უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია მოახვედრა.