ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილი - გვსურს, პირველ რიგში, საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ გუნდური სულისკვეთება კვლავ მაღალ დონეზეა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის შეკრებაზე მესამე ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა და მასში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობენ მზადებას.
ესპანეთსა და ბულგარეთთან გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩების შესახებ საქართელოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ოთარ კიტეიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
ოთარ კიტეიშვილი – „ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებისთვის. მართალია, ჯგუფიდან ჩვენი გასვლის შანსი მცირეა, მაგრამ ნაკრების თითოეული წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია. გვსურს, პირველ რიგში, საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ გუნდური სულისკვეთება კვლავ მაღალ დონეზეა და ჩავარდნა, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, დროებითია“.
ანზორ მექვაბიშვილი – „ვემზადებით მოახლოებული ურთულესი თამაშებისთვის. ოქტომბრის შეკრების შემდეგ გარკვეული რეაბილიტაცია გვჭირდება. მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ, რომ მოახლოებულ შეხვედრებში კარგი შედეგი ვაჩვენოთ“.
წლის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 18 ნოემბერს კი სოფიაში ბულგარეთს ესტუმრება.
ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი).
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), იური ტაბატაძე („კადისი“, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია („არის ლიმასოლი“, კვიპროსი).
nakrebi.ge