ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 961-ე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში კრიშტიანო რონალდოს გუნდი „ალ-ნასრი“ საკუთარ მოედანზე „ალ-ხოლუდს“ შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 3:0.

მასპინძლებმა ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნეს. 47-ე წუთზე რონალდომ ჟოაო ფელიქსის გადაცემით ისარგებლა. ლეგენდარული პორტუგალიელისთვის ეს კარიერაში უკვე 961-ე გოლია და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა 1000-გოლიან ნიშნულს.

40 წლის ფეხბურთელს საუდის პრო ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 17 გოლი დაუგროვდა. მას მხოლოდ აივან ტოუნი უსწრებს, რომელსაც 18 გოლი აქვს გატანილი.

ამ გამარჯვების შემდეგ „ალ-ნასრს“ 43 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ალ-ჰილალს“.