ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრიში“ ვარჯიშს უბრუნდება #1TVSPORT
ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრიში“ ვარჯიშს უბრუნდება #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის პოლიტიკით უკმაყოფილოა და პროტესტის ნიშნად „ალ-ნასრის“ ბოლო შეხვედრაშიც არ მიუღია მონაწილეობა.

ბოლო დღეებში მედიაში პორტუგალიელის გარშემო არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. წყაროები იუწყებოდნენ, რომ მან საუდის არაბეთი დატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და კონტრაქტის გაწყვეტას სერიოზულად განიხილავდა. თუმცა ავტორიტეტული გამოცემის, Record-ის ინფორმაციით, ეს ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება – პორტუგალიელი ფეხბურთელი კვლავ ერ-რიადში იმყოფება და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ვარჯიშშიც მიიღებს მონაწილეობას.

Record-ი ასევე ადასტურებს, რომ რონალდო უკმაყოფილოა საინვესტიციო ფონდის დამოკიდებულებით და შესაძლო წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. მისი გაღიზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კარიმ ბენზემას „ალ-ჰილალში“ ტრანსფერია. რონალდოს შეფასებით, ეს გარიგება სამართლიან კონკურენციას აზიანებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ალ-ჰილალი“ სუვერენული ფონდის აშკარა ფავორიტია, ხოლო „ალ-ნასრი“ გუნდის გასაძლიერებლად საჭირო მხარდაჭერას ვერ იღებს.

საინვესტიციო ფონდი საუდის არაბეთის ოთხი წამყვანი კლუბის აქციების 75 პროცენტს ფლობს, მათ შორის „ალ-ჰილალის“ და „ალ-ნასრის“.