ფეხბურთი | კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენს“ სასამართლო დავა მოუგო #1TVSPORT
მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ სამართლებრივ დავაში „პარი სენ-ჟერმენი“ დაამარცხა. საქმე ფეხბურთელის კუთვნილ ხელფასებსა და ბონუსებს შეეხებოდა, რომლებიც, LFP-ის შეფასებით, პარიზულ კლუბს უნდა გადაეხადა.
საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში დაავალა პსჟ-ს, მბაპესთვის დაახლოებით 55 მილიონი ევრო გადაეხადა. მიუხედავად ამისა, თანხა ფეხბურთელს არ ჩაერიცხა, რის შემდეგაც მბაპემ LFP-ის სადისციპლინო კომიტეტს მიმართა. კომიტეტმა საჩივარი არ დააკმაყოფილა, რადგან კლუბს პარიზის სასამართლოში უკვე ჰქონდა შეტანილი სარჩელი ლიგის წინააღმდეგ.
ფინანსური დავის პარალელურად, მბაპემ პსჟ-ს ფსიქოლოგიურ ზეწოლაშიც დასდო ბრალი. მისი განცხადებით, კლუბი 2023 წელს ახალი კონტრაქტის ხელმოწერას აიძულებდა, რის გამოც გარკვეული პერიოდი პირველ გუნდსაც ჩამოაშორეს.
ბოლო ეტაპზე მხარეებს შორის მოთხოვნები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა – მბაპე კლუბისგან 253 მილიონ ევროს ითხოვდა, ხოლო პსჟ მისგან – 440 მილიონს. საბოლოოდ, პარიზის შრომითი დავების სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელის სასარგებლოდ და დაავალა პსჟ-ს, მბაპესთვის დაახლოებით 60 მილიონი ევრო გადაეხადა, შვებულების კომპენსაციის ჩათვლით.
პარიზული კლუბის ყველა მოთხოვნა ყოფილი მოთამაშის მიმართ უარყოფილ იქნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პსჟ ვალდებულია, სრული განაჩენი ერთი თვის განმავლობაში საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს. კლუბს ასევე აქვს უფლება, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას 2017-2024 წლებში იცავდა. ის გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 235 გოლით.