გორის „დილამ“ თავდამსხმელი დავით გოცირიძე დაიმატა და ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა. ამავე დროს გუნდმა ლეგიონერებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
დათო გოცირიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელია. ახალგაზრდა ფორვარდი „დინამო თბილისის“ და „იბერიის“ აკადემიების აღზრდილია, გასული სეზონი კი იჯარის წესით „გაგრის“ რიგებში გაატარა. საინტერესოა, რომ „დინამოს“ აკადემიაში მეკარე იყო, თავდახმაში თამაში კი „იბერიის“ აკადემიაში დაიწყო.
გორის „დილა“ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეო ბასინგამ დატოვა – კონგოს ნაკრების თავდამსხმელი კარიერას მაროკოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 20 წლის ფეხბურთელი ქართულ გუნდში 2024 წლიდან თამაშობს და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 38 მატჩში მის ანგარიშზე 5 გოლი და 1 პასია.
მცველი ჟოაო არაუჟო „დილაში“ ბრაზილიელი „ნოვორიზონტინოდან“ იჯარით გადმოვიდა, ამიერიდან კი გორში სრულფასოვანი კონტრაქტით დარჩება. გუნდის ცნობით, ტრანსფერი კლუბს 100 ათასი დოლარი დაუჯდა. შეთანხმების თანახმად, მომდევნო ტრანსფერიდან მისი ყოფილი კლუბი სატრანსფერო უფლებების 30%-ს დაიტოვებს, 70% კი „დილას“ დარჩება.

***
„დინამო თბილისმა“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა – გუნდში პორტუგალიელი გარემარბი რუი მონტეირუ ითამაშებს.
22 წლის ფეხბურთელი „პორტუს“ აღზრდილია და ამ გუნდის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ბოლოს ის „პორტუ B-ში“ გამოდიოდა. 22 წლის რუი მონტეირუსა და კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
***
ლეგიონერები დაიმატა და წარადგინა „გაგრამაც“ – გუნდის ფორმას ბოსნიელი ცენტრალური მცველი ვლადიმირ არსიჩი და უკრაინელი მეკარე ოლეკსანდრ ვორობეი მოირგებენ.
არსიჩი „გაგრას“ ბოსნიური „სლოგა დობოიდან“ შეუერთდა. მას რამდენიმე ევროპულ კლუბში უთამაშია, მათ შორის უკრაინისა და დანიის ჩემპიონატებში.
ოლეკსანდრ ვორობეის კი „გაგრაში“ კარგად იცნობენ, რადგან უკრაინელი მეკარე ქართულ კლუბსა და ჩემპიონატს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.