ფეხბურთი | ბათუმის „დინამომ“ კლუბის ახალი ხელმძღვანელობა წარადგინა - გუნდის გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ ჯღარკავა იქნება #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ განახლების პროცესი გრძელდება. კლუბის ახალმა მფლობელმა და აქციონერებმა თურქულ შეკრებაზე ახალი მენეჯმენტი წარადგინეს.
ბათუმის „დინამოს“ გენერალური მენეჯერად „დინამო თბილისისა“ და „დინამო არენის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა დაინიშნა.
კლუბის საფეხბურთო ოპერაციების მენეჯერი ნიკა ჭანტურია იქნება – ახალგაზრდა საფეხბურთო ფუნქციონერი, რომელმაც აქტიური კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, გასულ სეზონში კი „ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
საფეხბურთო სტრატეგიის მენეჯერის პოზიციაზე ზურაბ თიგიშვილი იმუშავებს, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში საფეხბურთო მენეჯმენტის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო საფეხბურთო სააგენტოში – GG11 Sports Agency-ში ფიფა-ს ლიცენზირებული აგენტის სტატუსით მუშაობდა.
კლუბში ფეხბურთის განვითარების მენეჯერის პოსტს კი ევროპული გამოცდილების მქონე კიდევ ერთი კვალიფიციური საფეხბურთო მენეჯერი, ზურაბ ორაგველიძე დაიკავებს, რომელიც ფიფა-ს ლიცენზირებული აგენტი გახლდათ და მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდა.
განახლებული მენეჯმენტი გუნდს თურქულ შეკრებაზე ესტუმრა და სამუშაო შეხვედრები გაიმართა სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებთან.