ფეხბურთი | ბათუმის „დინამო“ სიახლეს გეგმავს - კლუბი აქციებს გაყიდის #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ აქციები საჯარო გაყიდვაში გამოვა, რაც ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, კლუბის განვითარებაში წვლილი შეიტანოს – ქართული ფეხბურთისთვის ამ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ კლუბის ახალმა მფლობელმა, თემურ მიქელაძემ თურქულ შეკრებაზე სტუმრობისას განაცხადა.
ბათუმის „დინამო“ 2025 წლის მიწურულს სააქციო საზოგადოება „დინამო ბათუმი 1923“-მა შეიძინა. კლუბის მთავარი აქციონერი თემურ მიქელაძეა, მასთან ერთად აქციებს ფლობენ ენრიკო მიქელაძე, გიორგი რომანაძე, ბექა შარაშიძე და ოთარ მუმლაძე. კლუბის ახალი მფლობელი ანტალიაში გუნდის შეკრებაზე სწორედ აქციონერთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
თემურ მიქელაძის თქმით, მიზანი ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნაა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს. ბათუმის „დინამო“ სააქციო საზოგადოებად სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა.
კლუბის მიერ აქციების გაყიდვის პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა, საქართველოში მსგავსი მოდელი ჯერ მხოლოდ საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ დაინერგა.