ფეხბურთი | ბათუმის „დინამო“ ახალ მოთამაშეებს ივნისამდე ვერ დაიმატებს, ეროვნული ლიგის გუნდებმა ამხანაგური მატჩები გამართეს #1TVSPORT
ფეხბურთი | ბათუმის „დინამო“ ახალ მოთამაშეებს ივნისამდე ვერ დაიმატებს, ეროვნული ლიგის გუნდებმა ამხანაგური მატჩები გამართეს #1TVSPORT

ფიფა-მ ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო შეზღუდვა არ მოუხსნა – ამის შესახებ კლუბმა განმარტება გააკეთა და ცნობილი გახდა, რომ ქართული გუნდი ფიფა-ში შეტანილი საჩივრების გათვალისწინებით ისჯება, ხოლო ახალ მოთამაშეებს 2026 წლის ივნისამდე ვერ დაიმატებს.

მას შემდეგ, რაც კლუბის მმართველობაში ახალმა მენეჯმენტი მივიდა, ფიფა-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში შეტანილი ყველა დავალიანების შესწავლა და დაფარვა დაიწყო.

ცნობილი გახდა, რომ ბათუმის „დინამოს“, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბი „ანკარაგუჯუ“, ასევე ფეხბურთელები – კირილო მელიჩენკო, მესი ბიატუმუსოკა, გიტის პაულაუსკასი, ვანდერსონ სილვა, ედმუნდ არკო-მესა და ალექს სანტოსი უჩიოდნენ.

მათთან მორიგების აქტი გაფორმდა, რის საფუძველზეც, 2026 წლის 20 იანვრის მონაცემებით, დავალიანებები სრულადაა დაფარული, მაგრამ ბოლოს, ვანდერსონ სილვას (ამჟამად „გაგრის“ მოთამაშეა) სარჩელის შემდეგ ფიფა-მ სადისციპლინო სანქცია გამოიყენა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სასჯელია.

მიუხედავად დავალიანებების სრულად დაფარვისა, 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით, ბათუმის „დინამოს“ მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა მაინც ძალაში დარჩა.

ახლა ბათუმის „დინამო“ ფიფა-სთან აქტიურად მუშაობს, რათა მოსარჩელე მხარეებისა თუ სამართლიანი თამაშის წესების მიმართ კლუბის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება აჩვენოს, რაც ფიფა-ს მხრიდან გადაწყვეტილების გადახედვის ერთადერთი იმედია.

ამასობაში, გუნდი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და თურქულ შეკრებაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის „დობოი სლოგასთან“ ამხანაგურ მატჩში 0:3 დამარცხდა.

ამხანაგურად ითამაშეს ეროვნული ლიგის სხვა გუნდებმაც – „ტორპედომ“ „სამგურალს“ 2:1 მოუგო, „გაგრამ“ „გარეჯს“ 1:0 სძლია.