ფედერიკა მოგერინი - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ დადებითად აისახა პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებზე
ფედერიკა მოგერინი - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ დადებითად აისახა პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებზე

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ დადებითად აისახა პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებზე, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში დაგეგმილი მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

„დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ვმასპინძლობთ ექვსი პარტნიორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს. უკვე საღამოს კი დონალდ ტუსკი მათ სადილზე უმასპინძლებს. ხვალ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებას მეც დავესწრები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო თარიღს. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანად აისახა რიგით მოქალაქეებზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში. ევროკავშირი ამ პარტნიორობას ძალიან აფასებს. რეგიონში, რა თქმა უნდა, რჩება სირთულეები და პრობლემები, თუმცა ჩვენი პარტნიორობის შედეგად მოვახერხეთ და წინ წავიწიეთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, გავზარდეთ საზოგადოების როლი, მივაღწიეთ ვიზალიბერალიზაციას და ასე შემდეგ“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.