პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელ ტურნირზე ლონდონში B ჯგუფის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.
პირველ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი. ანდერსონმა, ყველასთვის მოულოდნელად, ორ სეტში დაამარცხა მეტოქე (6:3, 7:6) და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ჯგუფის მეორე თამაში კი ძალიან მოულოდნელი შედეგით დასრულდა: შვეიცარიელმა ლეგენდა როჯერ ფედერერმა სენსაციური მარცხი განიცადა იაპონელ კეი ნიშიკორისთან – 6:7 3:6. ამ წაგებით როჯერმა ძალიან გაირთულა საქმე ჯგუფში.
შეგახსენებთ, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობს 2018 წლის საუკეთესო შედეგების მქონე რვა ჩოგბურთელი, რომლებიც ორ – A და B ჯგუფებში არიან განაწილებულნი.