რომის „მასტერსზე“ პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა. შვეიცარიელი როჯერ ფედერერი არ გავიდა კორტზე მეოთხედფინალური მატჩის სათამაშოდ. ლეგენდამ ფეხის ტრავმა მოიმიზეზა.
„იმედგაცრუებული ვარ, რომ დღეს თამაშს ვერ შევძლებ. არ ვარ მზად 100 პროცენტით და ჩემს გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე დავტოვო ტურნირი. იმედი მაქვს, მომავალ წელს შევძლებ აქ დაბრუნებას“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს.
ასე რომ, ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდა ბერძენი სტეფანოს ციციპასი. მისი მეტოქე ამ ეტაპზე ესპანელი რაფაელ ნადალი იქნება, რომელმაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მესამე მატჩი მოიგო.
რაფამ ხუთშაბათს ჟერემი შარდისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის განადგურების შემდეგ, თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს მოუგო – 6:4, 6:0. საინტერესოა, რომ ვერდასკოს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მატჩში – ცხრა რვის წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ ერთი ასეთი შანსი გამოიყენა, ნადალმა კი ხუთი.
შეხვედრა საათი და 39 წუთი გრძელდებოდა.
საინტერესოა, რომ ციციპასი და ნადალი გასულ კვირას მადრიდის „მასტერსის“ მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ბერძენმა ანგარიშით 2:1 მოიგო.